Sunday, May 29, 2011

ილია ჭავჭავაძე–დავით აღმაშენებელი

ილია ჭავჭავაძე – “დავით აღმაშენებელი”

არ ვიცით, სხვა როგორ ჰფიქრობს და ჩვენ კი ასე გვგონია, რომ ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავისდა საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს – ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, – რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულის ფიცარზედ იბეჭდავს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაბეჭდვითა, როგორც სარკე, გვიჩვენებს იმ ღონესა და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისთვის და გაძლიერებისთვის.
უკეთესნი და უდიდესნი მოქმედნი ერისა ხომ სხვა არ არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და გამახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მოქმედნი, ვანბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამათი – საკუთარი ვინაობის დავიწყებაა. და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავის მშობელი და სიცოცხლის მომნიჭებელი. გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ. ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინ. ისინი ცხოველი მაგალითებია იმისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამოდენადაც დიდ-ბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდ-ბუნებოვნება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმოდენად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლეობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემი სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.
გარდა იმისა, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდ-ბუნებოვნების შარავანდედითა, და თაყვანს-სცემს სასოებით და მადლობითა, ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.
,,ჩვენთვის, ადამიანებისათვის, საჭიროაო, – ამბობს ბრძენი სენეკა, – იმისთანა კაცი, რომ მის მიხედვით და მაგალითით შევიძლოთ საკუთარის ხასიათის გაწვრთნა და გამტკიცებაო. ოჰ, რა ბედნიერია იგი, ვინც არამც თუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის ჩვენ , არამედ მარტო თავისი სახელის ხსენებითაცაო”.
ამისთანა ბედნიერი დავით აღმაშენებელია საქართველოს ერისთვის. მისი მიცვალების დღე 26 იანვარია (ახალი სტილით 8 თებერვალი). ხოლო საქართველოს ეკლესია, რომელიც ყოველთვის თავდადებით ჰპატრონობდა ჩვენს ერს და არასდროს დიდებას ერისას დავიწყებას არ აძლევდა, 26 იანვარს აქებს და ადიდებს სახელოვანს დავით მეფეს, რომელსაც უტყუარმა განაჩენმა ერისამ ეკლესიის დალოცვითა და კურთხევით, აღმაშენებლის სახელი დაარქვა საუკუნო სახსენებლად. ამ მართლა-და დიდებულმა მეფემ ერთად მოუყარა თავი ქართველობას. აოხრებული ქვეყანა ააშენა, მტერი გაუფრთხო და გაუფანტა, და დღეს თუ ჩვენ ჩვენს ბინაზედ ვართ, – ეს იქნება იმისი ღვაწლი, იმისი სამსახურიც უფრო იყოს. დიდება სახელსა მისსა!..
ხოლო დავით აღმაშენებელი სადიდებელისა ჩვენგან არა მარტო სახელოვან მეფობითა, არამედ თავის დიდ-ბუნებოვან კაცობითაც. იგი, თავგადადებული მოყვარე თავის ეროვნებისა და მართლმადიდებლობის სარწმუნოებისა, დიდ პატივისმცემელი იყო სხვისი ეროვნებისაც და სარწმუნოებისა. ამისთანა შემწყნარებელი სხვისა მაშინ, როდესაც იგი ყოვლად-შემძლებელ მბრძანებლად შეიქმნა სხვადასხვა თესლის და სხვადასხვა სარწმუნოების კაცისა, ამისთანა სხვა ერის ღირსების თაყვანისმცემელი იმ დროში, როცა კაცი კაცს შესაჭმელადაც არ ჰზოგავდა, ამისთანა კაცთმოყვარული პატივისცემა სხვის ეროვნებისა, სხვის სარწმუნოებისა, ნუთუ საკვირველი და საოცარი მაგალითი არ არის მე-12 საუკუნის კაცისაგან!
…ყოველივე ეს დიდსულოვნება და სულგრძელობა დავითისა მაშინ არის მომხდარი, როცა ძლევამოსილი იგი მეფე სრულად გაბატონდა თავის ქვეყანაში და, მაშასადამე, ამისთანა პატიოსანი და განათლებული ქცევა მარტო იმის დიდ-ბუნებოვან გულს და გონებას უნდა მიეწეროს და არაფერს სხვას. იმას აღარ ვამბობთ, რომ სნეულთა, უღონოთა და საპყართათვის დავითმა ააშენა სამკურნალო, თითონ ხშირად დადიოდა ამ უბედურთა სანახავად და მოსაკითხავად.
აი ეს დიდებული მეფე – რა დიდებულ კაცურ-კაცის სახესაც მოგვივლენს თვალ-წინ და რა თავმოსაწონებელს საბუთს გვაძლევს ხელთა. აი ამისთანა კაცის ხსენებაა გამაცოცხლებელი ერისა და ამისთანა კაცის არ-ხსოვნა მომაკვდინებელ ცოდვად უნდა ჩაეთვალოს ერსა, რომელმაც იგი ჰშვა და თავის ძუძუთი გამოჰზარდა. ჩვენმა დამცველმა ეკლესიამ ეს კარგად იცოდა და ამიტომაც 26 იანვარი დაგვინიშნა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გავიხსენოთ ეს ქართველთათვის თავმოსაწონებელი დიდებული მეფე, დიდებული კაცი.
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო – ამბობს ჩვენი ერი: – ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებელია, როგორც დავით მეფესა. აქ აღამშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა – წაიყოლა სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

ტიტულატურა

„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“

დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა.

ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.

ქართული ტიტულატურა (ტიტულების ჯგუფი), ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გაეერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა“[2].

 რანისა (არანი) და კახეთის შემოერთების შემდეგ, ქართველ მეფეთა ტიტულიც იზრდება და დავითი იწოდება: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება „მეფე სომეხთა“. მას მერე რაც დავითმა ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა სრული ტიტული გახდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“[3]

ლორე-ტაშირის გარდა შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა[3]. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

აღმშენებლობა

                                                                     აღმშენებლობა
დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

ფრესკა, გელათი

დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.

დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები "გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. "გალობანი სინანულისანი" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.

დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

სამხედრო კამპანია

                                                                   სამხედრო კამპანია
1099 დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 აიღო ზედაზენი. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.


1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 ― რუსთავი, 1117 ― გიში, 1118 ― ლორე. 1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. დავითს ამ ომში მოუწია თავისი 55 - ათასიანი ლაშქრით შებმოდა თურქ - სელჩუკთა 300 - ათასიანი არმიას. მეფემ იმისათვის, რათა არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები. უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: "ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვისმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის." ისტორიკოსებმა ამ შეტოქებას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორის "ბრძოლაი საკვირველი" შეარქვეს.

ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.

დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც.

რეფორმები

                                                                             რეფორმები
სახელისუფლო:

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.


საეკლესიო:

საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში "ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ". სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.



ეკონომიკური:

დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას — სააჯო კარს.

სამხედრო:

ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― "მონა-სპა".